ახალი მონარქის რანგში მეფე ჩარლზ III-მ მოსახლეობას პირველად მიმართა. მისი ვიდეომიმართვა ბაკინგემის სასახლიდან გადაიცემოდა. მან დედოფალ ელისაბედ II-ის ღვაწლზე ისაუბრა.
"გარდა პირადი ტკივილისა, რომელსაც ახლა მთელი ჩემი ოჯახი განიცდის, ჩვენ მას ვიზიარებთ ბევრ თქვენგანთან გაერთიანებულ სამეფოში და ყველა ქვეყანაში, სადაც დედოფალი სახელმწიფოს მეთაური იყო - ერთა თანამეგობრობაში და მთელ მსოფლიოში. მადლიერების გრძნობა 70-ზე მეტი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც დედაჩემი, როგორც დედოფალი, ამდენი ერის ხალხს ემსახურებოდა", - თქვა მან.
თავის სიტყვაში მეფემ პატივი მიაგო დედოფალ ელისაბედ II-ს და აღნიშნა, რომ მისი ხალხისადმი მსახურება ურყევი იყო. მისივე თქმით, დედოფლის სიყვარულმა ტრადიციებისადმი, ასევე, პროგრესისადმი მისმა მისწრაფებამ გახადა ის დიდებული.
"ეს უფრო მეტია, ვიდრე დაპირება. ეს იყო ღრმა პირადი ვალდებულება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა", - განაცხადა მან.
"როგორც თავად დედოფალი მოიქცა თავისი ურყევი ერთგულებით, მეც ვდებ პირობას, რომ დარჩენილ დროში, რომელიც ღმერთმა მიბოძა, დავიცვა კონსტიტუციური პრინციპები, რომელიც ჩვენი ერის საფუძველშია.
სადაც არ უნდა ცხოვრებდეთ გაერთიანებულ სამეფოში ან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი წარმომავლობა და რწმენა, შევეცდები გემსახუროთ ერთგულებით, პატივისცემითა და სიყვარულით, როგორც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე", - თქვა მეფემ.
მეფე ჩარლზ III-მ აღნიშნა, რომ ტახტზე ასვლა ცვლილებებს მოიტანს მის ოჯახში და ხაზი გაუსვა მისი ცოლის კამილას როლს.
"ჩემი საყვარელი მეუღლის, კამილას დახმარების იმედი მაქვს. 17 წლის წინ ჩვენი ქორწინების შემდეგ საკუთარი სამეფო საჯარო სამსახურის აღიარებით, ის ხდება ჩემი დედოფალი კონსორტი", - განაცხადა მეფემ.
მეფემ დაადასტურა, რომ მოუწევს საქველმოქმედო საქმიანობის დიდ ნაწილზე უარის თქმა:
"რა თქმა უნდა, ახალი ვალდებულებები აღების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვლება. ვეღარ შევძლებ დიდი ყურადღებისა და ენერგიის დათმობას საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და საკითხებისთვის, რომლებიც მაწუხებს. მაგრამ ვიცი, რომ ეს საქმიანობა საიმედო ადამიანების ხელში გაგრძელდება".
გარდა ამისა, ჩარლზ III-მ განაცხადა, რომ მისი მემკვიდრე - უილიამი უელსის პრინცი გახდება:
"ვიცი, რომ კეტრინთან ერთად, უელსის ახალი პრინცი და პრინცესა გააგრძელებენ შთაგონებასა და ეროვნული საკითხების გაძღოლას".
მან ახსენა პრინცი ჩარლზი და მისი ცოლი მეგან მარკლი:
"ამინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული ჰარისა და მეგანის მიმართ, რადგანაც ისინი აგრძელებენ თავიანთ ცხოვრებას უცხოეთში".
სიტყვის დასასრულს გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე ემოციურად გამოემშვიდობა ელისაბედ II-ს:
"ჩემს ძვირფას დედას, როცა იწყებ შენს ბოლო დიდებულ მოგზაურობას, რათა შეუერთდე ჩემს ძვირფას მამას, მინდა უბრალოდ გითხრა - მადლობა. მადლობა ჩვენი ოჯახისა და იმ ერებისადმი სიყვარულისა და ერთგულებისთვის, რომლებსაც მთელი ამ წლების განმავლობაში გულმოდგინედ ემსახურებოდი. დაე, ანგელოზებმა მიგაცილონ ცათა სასუფევლამდე", - განაცხადა მეფე ჩარლზ III-მ.